ოსტეოპოროზი – “ჩუმი” დაავადება

ოსტეოპოროზი ძვლოვანი ქსოვილის სისტემური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ძვლის მასისა და სიმკვრივის შემცირებით. დაავადების შედეგად, ძვლები უფრო მყიფე და სუსტი ხდება, რაც უმნიშვნელო დატვირთვის დროსაც კი მოტეხილობების რისკს ზრდის. ოსტეოპოროზი საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ მას “ჩუმ დაავადებას” უწოდებენ. დიაგნოსტიკის გარეშე, შესაძლოა, დაავადება მხოლოდ მოტეხილობის შემდეგ გამოვლინდეს, რაც მკურნალობას ართულებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დროული სკრინინგი და პრევენციული ზომების მიღება.

 

რატომ უნდა ჩაიტაროთ დენსიტომეტრია?

ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკისთვის ოქროს სტანდარტად ითვლება დენსიტომეტრია – უსაფრთხო და არაინვაზიური მეთოდი, რომელიც ძვლის სიმკვრივის შეფასების საშუალებას იძლევა. თანამედროვე DXA (Dual-energy X-ray Absorptiometry) აპარატით ჩატარებული კვლევა ადრეულ სტადიაზე გამოავლენს ძვლოვანი მასის შემცირებას, რაც საშუალებას მოგცემთ დროულად დაიწყოთ მკურნალობა და თავიდან აიცილოთ გართულებები.

 

ვისთვის არის რეკომენდებული დენსიტომეტრია?

დენსიტომეტრია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებისთვის:

  • მოტეხილობის გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  • ადრეული მენოპაუზა;
  • 50 წელს გადაცილებული ქალები და 75 წელს გადაცილებული მამაკაცები;
  • სხეულის მასის დეფიციტი;
  • ქრონიკული ენდოკრინული და რევმატიული დაავადებები;
  • გარკვეული მედიკამენტების ხანგრძლივი დროით მიღება.

 

როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს?

თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები, აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია და ჩაიტაროთ დენსიტომეტრია:

  • ტკივილი ზურგის არეში, რომელიც ძლიერდება მძიმე საგნების აწევის ან უეცარი მოძრაობის შემდეგ;
  • სიმაღლეში კლება და ხერხემლის გამრუდება;
  • კიფოზის (კუზის) ჩამოყალიბება;
  • სიარულის მანერის შეცვლა.

 

ზრუნვა ძვლების ჯანმრთელობაზე – ინვესტიცია მომავალში

ოსტეოპოროზის პრევენცია და დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს მოტეხილობების რისკს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. ჩაიტარეთ დენსიტომეტრია თანამედროვე აპარატურით თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში, კომფორტულ გარემოში, და მიიღეთ პროფესიონალური რეკომენდაციები.